აჭარის რეგიონის ახალგაზრდებისთვის ონლაინ ვიქტორინა გაიმართა
ივნისი 25, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონულმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“ თანამშრომლობით, მოხალისეებისთვის და აქტივისტებისთვის ონლაინ ვიქტორინა და დისკუსია „საქართველოს ევროპული გზა“ მოაწყო.
დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე, მიმოიხილეს გეოპოლიტიკური კონტექსტები და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. გამოთქვეს მოსაზრებები ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესრულების დინამიკასა და ამ პროცესში ახალგაზრდების უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო სტარტეგიული კომუნიკაციის მნიშვნელოვან როლს საზოგადოების სწორად ინფორმირების მიმართულებით და საინფორმაციო კამპანიების ინტენსიურად წარმოებას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მითებზე, რეალობასა და მოსახლეობის ცნობიერებაზე. ახალგაზრდებმა დაასახელეს და იმსჯელეს რეგიონში ყველაზე მეტად გავრცელებულ სტერეოტიპებზე, დეზინფორმაციულ და ყალბ გზავნილებზე. აღინიშნა, რომ თანამედროვე ეპოქაში მედიაწიგნიერების უნარებით საზოგადოების ყველა ფენა და მათ შორის, ახალგაზრდები, განსაკუთრებით აქტიურად უნდა გადამზადდნენ.
დისკუსიის დასასრულს, გაიმართა ვიქტორინა ევროკავშირის და ნატოს მიზნებისა და ფუნქციონირების საკითხებზე, გამოვლინდნენ აქტიური მონაწილეებიც, რომლებსაც საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური პრიზები გადაეცემათ.