აჭარის რეგიონის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 22, 2021
22.07.21 – აჭარა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, რეგიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის – ახალგაზრდული საკრებულოს წევრებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპებისა და მოვლენების მიმოხილვისას, მსმენელებს საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკა და პერსპექტივები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო ნატოს დაარსების ისტორიას, მიზნებს, ამოცანებსა და გაფართოების ეტაპებს. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ნატოს სამშვიდობო მისიებზე, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის პროცესში საქართველოს კონტრიბუციაზე. ხაზი გაესვა ნატოს დღის წესრიგში შავი ზღვის საკითხის გააქტიურების წინაპირობებსა და სამომავლო მიზნებს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის გააქტიურებულ პლატფორმებსა და დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეებზე.
შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.