აჭარის რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა პროექტში ჩართულ აქტიურ ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 7, 2021
07.09.21 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა პროექტში ჩართული აქტიური ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ახალგაზრდების შემეცნებითი აქტივობებით დაინტერესებასა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტებით მათი ცნობიერების ამაღლების მრავალფეროვან შესაძლებლობებზე ისაუბრა. საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე საუბრისას, მომხსენებელმა ახალგაზრდებთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებაზე გააკეთა აქცენტი და ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროგრამებით მათთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS + უპირატესობებსა და მასში ჩართულობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებზე. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობას, ევროინტეგრაციის პროცესს, მიღწევებს, გამოწვევებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობას.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.