აჭარის რეგიონის მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
მაისი 30, 2022
30.05.22 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, EECMD ბათუმის ოფისთან თანამშრომლობით, აჭარის რეგიონის მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებზე და მოლოდინებზე ისაუბრა. მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს, თუ რას ნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება, რა პროცედურებს გადის ზოგადად ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებამდე და დღეს რა ეტაპზეა საქართველო.
შეხვედრას, რომელსაც 45-მდე ადგილობრივი მედიასაშუალებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გაუწია და საინფორმაციო ცენტრის პრიორიტებებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა მედიასა და არასამთავრობო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობასა და საზოგადოებასთან პროაქტიულ კომუნიკაციაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.