აჭარის რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

ივლისი 6, 2021

06.07.21 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, აჭარის რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ეტაპებზე, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლის მანძილზე ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელსა და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს ევროპული გზის ისტორიულ და თანამედროვე ჭრილში მიმოხილვისას, საუბარი არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებზე. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებში ჩართულობაც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის შესაძლებელი.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია აუდიტორიისათვის საინტერესო საკითხებზე.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.