აჭარის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

თებერვალი 24, 2022

24.02.22 – აჭარა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აჭარის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის, აჭარის ა.რ. მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, მუნიციპალიტეტების საკრებულოების და მერიების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.

საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, მონაწილეებს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის მიმართულებებზე. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებში საქართველოს პოზიციონირებაზე.

შეხვედრას, რომელსაც 130 – მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.