აჭარის რეგიონში პროექტის „ქედა ლიდერი“ და „ENPARD ხულო“ დახურვის ცერემონია გაიმართა

თებერვალი 22, 2021

აჭარის რეგიონში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ორი პროექტის „ქედა ლიდერი“ და „ENPARD ხულო“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ მიიღო მონაწილეობა.

საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი, აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომლებიც სოფლად განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტებისა და ამ პროგრამებით შექმნილი შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. მომხსენებელმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა „ქედა ლიდერის“ და „ENPARD ხულოს“ გუნდის წევრებთან აქტიურ თანამშრომლობასა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტებით მოსარგებლე ბენეფიციარების წარმატების მაგალითებზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ევროკავშირის მხარდაჭერით 170 ადგილობრივი განვითარების ინიციატივა და 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG), შეიქმნა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები. პროექტებს ახორციელებდნენ ორგანიზაცია CENN ქედის მუნიციპალიტეტში, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, ევროკავშირის მიერ, ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 97 პროექტი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში 73.

ღონისძიებას სამთავრობო უწყებების, ევროკავშირის წარმომადგენლობის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და ჩეხეთის რესპუბლიკის Caritas-ის მისიის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.