აჭარის რეგიონულ ბიუროს ბრიტანეთის მთავრობის დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და მედია განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ეწვია

თებერვალი 16, 2022

16.02.22 – ბათუმი

ბრიტანეთის მთავრობის დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და მედია განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში ტომ ნოუქსი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულ ბიუროს ეწვია და რეგიონული ოფისის საქმიანობას გაეცნო.

ტომ ნოუქსმა ცენტრის მიერ აჭარის რეგიონში განხორციელებული აქტივობებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია და რეგიონის მასშტაბით არსებულ გამოწვევებს, დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენციებსა და მათთან გამკლავების გზებს გაეცნო. საუბარი შეეხო რეგიონში გავრცელებულ იმ მითებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც მიზნად ადგილობრივი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და დასავლურ კურსზე უარის თქმას ისახავს. ყურადღება გამახვილდა ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერასა და იმ პროგრამებზე, რომლებიც ბრიტანეთის საელჩოს ჩართულობით ხორციელდება საქართველოში და მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობასთან სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაზიარებას.

შეხვედრის დასასრულს აქცენტი ახალგაზრდებთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და მედიასაშუალებებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაკეთდა და სამომავლოდ, აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა გამოითქვა.

აღსანიშნავია, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გაწეული მზარდაჭერა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ბრიტანეთის მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტების მიერ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში მუდმივად ხდება თანამშრომლების გადამზადება სხვადასხვა თემებზე, მათ შორის სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებზე, ციფრული კამპანიის დაგეგმვაზე, კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაზე, შედეგების შეფასებაზე, მონიტორინგზე და სხვაზე.