ბათუმის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 30, 2022

30.09.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ, ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და შემდგომ ნაბიჯებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების სამომავლო ნაბიჯებსა და იმ პროგრამებზე, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოში ახორციელებს.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტებებზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა რეგიონის მუნიციპალიტეტებთან აქტიურ თანამშრომლობასა და პროაქტიულ კომუნიკაციაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.