ბათუმის კავკასიის ბიზნეს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 9, 2023
09.02.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის კავკასიის ბიზნეს-სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ქრონოლოგიის, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. აგრეთვე, საუბარი შეეხო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ERASMUS + მონაწილეობის პირობები, შერჩევის კრიტერიუმები და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორები.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის ბიზნეს სკოლის დირექტორი ია ქირია და მოადგილე თამაზ მჟავანაძე, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გააქტიურებით ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.