ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის კლუბის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 25, 2022
25.02.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის კლუბის წევრებთან ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ახალგაზრდებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ისტორიულ ფაქტებს და კონტექსტურ პარალელებს. ყურადღება გამახვილდა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს იძულებითი გასაბჭოებისა და ქვეყნის მიერ დასავლურ კურსზე იძულებით უარის თქმის შედეგებზე.
შეხვედრაზე მომხსენებელმა განიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები და მასთან გამკლავების მეთოდები.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.