ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა
დეკემბერი 1, 2022
01.12.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის ტექნოპარკში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა.
სემინარის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, პროექტები, სამომავლო გეგმები, ახალგაზრდებისთვის ასეთი ტიპის სემინარის ორგანიზების მიზნები გააცნო და ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობას.
მოწვეულმა ექსპერტებმა: გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ, ნატო ბაჩიაშვილმა; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა და ჰიბრიდული ომების მკვლევარმა, დავით ძიძიშვილმა ვრცლად ისაუბრეს ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, გამოწვევები და პერსპექტივები; ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა; საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მნიშვნელობა და პერსპექტივები; ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და აგრეთვე, ანტიდასავლურ პროპაგანდა, მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები;
დისკუსიის ნაწილში, საზღვაო აკადემიის სტდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და სპიკერებისგან მოისმინეს საგულისხმო პასუხები. შეხვედრის დასასრულს, სემინარის მსმენელებს სერტიფიკატები და საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.