ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 28, 2022

28.06.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და გაწევრიანების მექანიზმებზე, ალიანსის დღის წესრიგში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ნატო-ს მადრიდის სამიტის საგულისხმო გზავნილებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.