ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 4, 2022
04.02.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებზე, გამოწვევებზე და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობებზე ისაუბრა. მომხსენებელმა სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო სტაჟირების პროგრამასა და მასში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და იმ პროგრამებზე, რომლებიც თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
დისკუსიის ნაწილში, ასევე, განხილული იყო სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშნელობა დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.