ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 3, 2021

03.11.21 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და ამ პროცესში არსებულ მითებსა და რეალობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის მიზნებზე, მის ნეგატიურ გავლენებსა და მასთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებზე.
საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე საუბრისას, მომხსენებელმა ახალგაზრდებთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებაზე გააკეთა აქცენტი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით მათთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.