ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
მარტი 22, 2022
22.03.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეოპოლიტიკურ კონტექსტში დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიული პარტნიორობით საქართველოსთვის გახსნილ შესაძლებლობებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი აქტივობები და პროექტები გააცნო. ხაზი გაესვა სტაჟირების პროგრამასა და მასში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შემდგომ ნაბიჯებს, კერძოდ, იმ პროცედურულ ეტაპებს რომელიც, უნდა გაიაროს გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერით საქართველომ გადაშალა ახალი ფურცელი ქვეყნის ევოინტეგრაციის ისტორიაში.
დისკუსიის ნაწილში განხილული იქნა სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა დეზინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლაში და პროპაგანდასთან ბრძოლის გზები.