ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა ჩატარდა
აპრილი 14, 2022
14.04.22 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბსუ-ს ჟან მონეს კათედრისა და ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის „Eti Holding“ თანამშრომლობით, ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში ჩაერთო.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ეტაპები, ამ პროცესის დინამიკა და კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებული სამომავლო ნაბიჯები გააცნო. მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა, ასევე, იმ მითებსა და დეზინფორმაციულ ნაკადებზე, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესში ვრცელდება.
შეხვედრას უძღვებოდნენ ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე და „Eti Holding“-ის დამფუძნებელი ირინა ხაჟალია, რომლებმაც სასწავლო ცენტრის მოსწავლეებს ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებზე ესაუბრნენ.
დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებლებმა ისაუბრეს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობასა და სამომავლო ნაბიჯებზე, ევროპული განათლებისა და განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები.
ღონისძიება, რომელსაც ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროექტის „ჟან მონეს კათედრა-ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა” ფარგლებში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჟან მონეს კათედრა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, აქტიურად თანამშრომლობს საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან და სამომავლოდ, სხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებსაც გეგმავს.