ბათუმის სკოლის მოსწავლეებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 19, 2021
19.03.21 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებზე, ძირითად გამოწვევებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, მის ნეგატიურ გავლენებს საზოგადოებაზე და მასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებს. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროკავშირის მიერ დაფინასებული საგანმანათლებლო პროგრამებით, შესაძლებლობებით და შერჩევის კრიტერიუმებით.
ბათუმის N16 საჯარო სკოლის დირექტორმა ცირა ქობულაძემ, საინფორმაციო ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში აქტიური ჩართულობისთვის მზაობა გამოთქვა და ახალგაზრდებს ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით პროექტის მომზადების იდეა შესთავაზა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.