ბათუმის ტექნოპარკში პედაგოგებსა და აჭარის სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 29, 2022
29.06.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის ტექნოპარკში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე პედაგოგებსა და აჭარის სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.
შეხვედრის მონაწილეებს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და გაწევრიანების მექანიზმებზე, ალიანსის დღის წესრიგში შავი ზღვის თემის გააქტიურებისა და ნატო-ს მადრიდის სამიტზე განხილული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიული კონცეფციის შესახებ საგულისხმო გზავნილებზე.
შეხვედრის ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.