ბათუმის უმაღლესი სასწავლებლებისა და მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 17, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლების უფროსკლასელებისთვის, ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ ლექცია გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ისტორიულ-კულტურული ურთიერთობები მიმოიხილა, ასევე, ის საერთო ღირებულებები, რაც ჩვენს ქვეყანას საერთო ევროპულ ოჯახთან აკავშირებს და რაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად, კიდევ უფრო მეტად გამყარდა.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დემოკრატიული პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მხარდაჭერაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყოველი წლის დეკემბერი საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეების ფარგლებში, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიით და ღონისძიებით აღინიშნება, ამ კუთხით ახალგაზრდების აქტიურობასა და ჩართულობაზე „USAID GGI“ სტაჟირების პროგრამის მონაწილემ, ნათია პაქსაძემ ისაუბრა და თანატოლებს ქალთა მიმართ ძალადობის საინფორმაციო კამპანიის დეტალებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.