ბათუმში პროექტი „ევროპული არდადეგები“ ჩატარდა
სექტემბერი 26, 2021

26.09.21 – ბათუმი
ბათუმში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ მორიგი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარდათ.
სემინარზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა – როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი. საუბარი, ასევე, შეეხო დეზინფორმაციასა პროპაგანთასთან ბრძოლის მეთოდებს, ჰიბრიდული ომის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებს.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო” კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა. სემინარის მონაწილეებს ასევე, მიესალმნენ აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი.
პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთობლივად უკვე მეორე წელია ახორციელებს.
ახალგაზრდები საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ და მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების-ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, უაღრესად მნიშვნელოვანია,რადგანაც ახალგაზრდები თავად იქნებიან ამ პროცესების მონაწილე უახლოეს მომავალში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი არიან ერთგვარი ხიდი, მათ თანატოლებთან, უფროს თაობასთან და იმ სოციუმში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.