ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 10, 2023

10.05.23 – ბათუმი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და მნიშვნელოვან ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი ახალგაზრდების გაცნობიერებული მხარდაჭერის და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მათი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას სკოლის პედაგოგი ია კიწმარიშვილი ესწრებოდა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გააქტიურებით ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 6-21 მაისამდე თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობითა და საგანმანათლებო-შემეცნებითი ღონისძიებით ახორციელებს.