ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
აპრილი 4, 2024
04.04.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატო-ს დაარსებიდან 75-ე წელთან დაკავშირებით, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ვრცლად ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპების, დაარსების, გაფართოებების, ფუნქციონირების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და ამ პროცესში არსებულ შედეგებსა და გამოწვევებს.
საინფორმაცო შეხვედრა და დისკუსია მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკის, შესაძლებლობების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრმა უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან დაგეგმილი შეხვედრების მიზანია მათი ცოდნის გაღრმავება და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, მიმდინარე პროცესების, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მიმართულების პასუხისმგებელი პირები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.