ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
ივლისი 8, 2023
08.07.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტში მიიღო მონაწილეობა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა დასავლური ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის მეშვეობით ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და სტუდენტების სამოქალაქო გააქტიურების მნიშვნელობაზე.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და გამოწვევებს და ხაზგასმით აღინიშნა ევროპული ღირებულებებისა და პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოების მნიშვნელობა.
პროექტის „გლობალური სამიტი 2023“ ფარგლებში, ბსუ-ს სტუდენტებსა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა „გლობალური დათბობა – მითი თუ რეალობა“, გლობალიზაცია – საფრთხე თუ შესაძლებლობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა და გენდერული თანასწორობა – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის გაიმართა კონკურსი და გამარჯვებულ გუნდსა და საუკეთესო მონაწილეებს სპეციალური პრიზები და სერთიფიკატები გადაეცათ.