ბათუმის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 8, 2024

08.04.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის კერძო სკოლა „მასტერკლასში“ დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლობლობაზე და მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციისთვის არსებული არხები და პლატფორმები გააცნო.
ცენტრის სტაჟიორმა ანეტი ბერიძემ, კი ახალგაზრდებს ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობის პირობებზე, უპირატესობებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას სკოლის „მასტერკლასი“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და შეხვედრის ორგანიზატორი პედაგოგი ქეთევან სიქტურაშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც სასკოლო სივრცეში ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.