ბათუმის სკოლაში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სექტემბერი 26, 2024
26.09.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმის სკოლაში „გორდა“ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო.
ენათა ევროპული დღისთვის მოსწავლეებმა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები გამართეს. სიმბოლურად მოირგეს ევროპის ელჩების როლები, წარმოადგინეს ევროპის ქვეყნების კულტურა, ტრადიციები და აუდიტორიას სახალისო კითხვებიც დაუსვეს.
ღონისძიების მონაწილეებისადმი მიმართვისას, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული გზის ეტაპებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებით ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრისას, კი ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე სკოლის “გორდა“ დირექტორმა ნინო მურვანიძემ, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით სასკოლო სივრცეში აქტუალურ საკითხებზე შეხვედრებისა და საუბრების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სხვადასხვა საგნობრივ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელთან ერთად დიპლომები და სიგელები გადასცა.
ღონისძიებას სკოლის „გორდა“ პარტნიორი ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.