ბათუმის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 8, 2024
08.02.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლობლობაზე და მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციისთვის არსებული არხები და პლატფორმები გააცნო.
საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ანეტი ბერიძემ კი ახალგაზრდებს პროგრამაში ERASMUS+ მონაწილეობის პირობებზე, უპირატესობებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან გვარჯალაძე, რომელმაც სასკოლო სივრცეში ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ახალგაზრდების საინფორმაციო ცენტრის აქტივობებში ჩართულობაზე კი სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, მაკა ხინთიბიძემ ისაუბრა და სკოლის თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად კონკრეტული ინიციატივების განხორციელება დააანონსა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.