ბათუმის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 16, 2023

16.11.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის N15 საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიის, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგების და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრა. მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობას. სკოლის დირიექტორმა ნინო მოდებაძემ და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნანა წულუკიძემ საინფორმაციო ცენტრთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და ახალგაზრდებს სხვადასხვა პროექტში ჩართულობისთვის მხარდაჭერა აღუთქვეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგრეთვე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; ERASMUS + მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე კი ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ, ანეტი ბერიძემ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.