ბათუმის სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩატარდა
თებერვალი 27, 2024
27.02.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება ჩატარდა.
სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოედგინათ პრეზენტაციები.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა პროექტის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო, ხაზი გაუსვა დეზინფორმაციის გავრცელების ნეგატიურ კონტექსტებს და ყურადღება გაამახვილა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.
აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.
პროექტის მიმდინარეობას ესწრებოდნენ და მონაწილეების სერტიფიკატებით დაჯილდოების პროცესში ჩაერთვნენ სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები, რომლებმაც დეზინფორმაციის სკოლა-სიმულაციური სწავლების ეფექტიანობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.