ბათუმის სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩატარდა
თებერვალი 26, 2024

26.02.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის სკოლის „ევრო 2000“ მოსწავლეებთან დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება ჩატარდა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, პროექტის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო, ხაზი გაუსვა დეზინფორმაციის გავრცელების ნეგატიურ კონტექსტებს და ყურადღება გაამახვილა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.
სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოედგინათ პრეზენტაციები.
აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.
პროექტის მიმდინარეობას ესწრებოდნენ და მონაწილეების სერტიფიკატებით დაჯილდოების პროცესში ჩაერთვნენ სკოლის „ევრო 2000“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, რომლებმაც დეზინფორმაციის სკოლა-სიმულაციური სწავლების ეფექტიანობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.