ბათუმის სკოლის მოსწავლეებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 1, 2023
01.12.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა საქართველო-ევროკავშირის და ნატო-საქართველოს ურთიერთობების, ინტეგრაციული პროცესების დინამიკაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის და ნატოს შექმნის მიზეზებსა და მიზნებზე, ფუქნციონირების თავისებურებებზე, დამახასიათებელ პრინციპებსა და იმ სიმბოლოებზე, რომელთა მნიშვნელობებიც ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით საგულისხმო დატვირთვას უნდა ატარებდეს. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის საკითხებს და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებს.
შეხვედრას ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე და შეხვედრის ინიციატორი, პედაგოგი ნინო მაისურაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსწავლეებისთვის ერთობლივი ძალისხმევით შემეცნებით-საგანმანნათლებლო პროექტების დაგეგმვის და საინფორმაციო ცენტრთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.