ბათუმის ტექნოპარკში სემინარები ჩატარდა
მაისი 18, 2023

18.05.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის ტექნოპარკში ადგილობრივი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ევროინტეგრაციისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სემინარები ჩატარდა.
მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ჩიტაძემ, ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და მათი შესრულების დინამიკის საკითხებს. სემინარის მონაწილეებმა, კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიიღეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსისგან, აკაკი შეყილაძისგან.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, კი ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე, მიზნებსა და ინტეგრაციული პროცესებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღნიშნულ სამიზნე ჯგუფთან კომუნიკაციის ძირითადი მიზანია მათთან თანამშრომლობის გზით ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელევანტური ინფორმაციების მოპოვება, გადამოწმება და მიწოდება; აგრეთვე, მათი ცოდნის გაღრმავება დასავლური ღირებულებების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, არსებული შესაძლებლობების, გამოწვევების შესახებ და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა ინტეგრაციულ პროცესებში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.