ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 25, 2023
25.04.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე.
შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილე პირიმზე რურუა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გააქტიურებით ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.