ბათუმის ჟან მონეს საზაფხულო სკოლის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

ივლისი 25, 2023

25.07.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტს „კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირში: ძირითადი გამოწვევები და საქართველო“ შეუერთდა.

საინფორმაციო ცენტრი საზაფხულო სკოლის მუშაობაში წელს უკვე მესამედ ჩაერთო.

ღონისიძიება ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გახსნეს.

ირმა გაბინაშვილი საზაფხულო სკოლის მონაწილეებს, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა დასავლური ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის მეშვეობით ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე და სტუდენტების სამოქალაქო გააქტიურების მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული ღირებულებებისა და პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირების და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას.

საზაფხულო სკოლაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობის და საჯარო მმართველობის სპეციალობის 30-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. ოთხდღიანი სკოლის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუტების, საქართველოში ევროინტეგრაციის კუთხით არსებული მექანიზმებისა და პროცესების შესახებ. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს: გაზარდოს საქართველოს მოქალაქეების ცნობიერება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტების და ღირებულებების შესახებ; გააცნოს სტუდენტებს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, მიღწევების შესახებ; მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და უპირატესობების შესახებ, რასაც ევროკავშირი სთავაზობს საქართველოს.

ჟან მონეს საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტები ეწვევიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და აჭარის ა. რ. უმაღლეს საბჭოს.

ინფორმაციისთვის: საზაფხულო სკოლა მესამე წელია იმართება ბსუ-ში და ორგანიზებულია ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ,,ერაზმუს +” ჟან მონეს პროგრამის მიერ.