ბათუმისა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის სკოლების მოსწავლეებისთვის სიმულაციური სწავლება ჩატარდა

აპრილი 19, 2024

19.04.24 – ბათუმი და სოფელი მახუნცეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმისა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლების ინტეგრირებული პროექტის მონაწილეებისთვის, დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა პროექტის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო, ხაზი გაუსვა დეზინფორმაციის გავრცელების ნეგატიურ კონტექსტებს და ყურადღება გაამახვილა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინათ პრეზენტაციები.

აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით, გამოვლინდა საუკეთესო გუნდები, რომლებსაც სამახსოვრო პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის მიმდინარეობას სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ნაკაშიძე, ბათუმის N10 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ეცადეიშვილი და ამავე სკოლის პედაგოგი, ინტეგრირებული პროექტის ავტორი ნესტან კორძაია ესწრებოდნენ, რომლებმაც დეზინფორმაციის სკოლა-სიმულაციური სწავლების ეფექტიანობაზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.