ბათუმში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებთან სემინარი ჩატარდა
აპრილი 4, 2024
04.04.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა მსმენელებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის ძირითადი მიზნები და პრინციპები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას, მოლაპარაკებების თავების გახსნის საპასუხისმგებლო ეტაპებსა და ევროკავშირთან დაახლოების მიზნით დაგეგმილ შემდგომ პროცედურებს. ყურადღება გამახვილდა აგრეთვე, დეზინფორმაციის საფრთხეებსა და ამ კუთხით საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე.
გარდა ამისა მომხსენებელმა სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი სიახლეები და პროექტები გააცნო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზების მიზნით რეგიონში მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სტუდენტებს ევროკავშირში სწავლისა და გაცვლით პროგრამაში ერასმუს+ მონაწილეობისა და შერჩევის კრიტერიუმებზე, აგრეთვე ტექნიკურ საკითხებზე საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ალინა ბერიძემ მიაწოდა ინფორმაცია.