ბათუმში პოეზიის საღამო და ახალგაზრდების განათლებისა და სამოქალაქო თვითშეგნების საკითხებზე შეხვედრა მოეწყო

ნოემბერი 24, 2023

24.11.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, ბათუმში პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართა.

ბათუმის N15 საჯარო სკოლაში მოწყობილ შეხვედრაზე, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია და პოეტის შემოქმედებიდან ცნობილი სტრიქონები და გამონათქვამები გაიხსენეს. ტარიელ ხარხელაურმა თავისი მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე ისაუბრა და სათქმელის შემოქმედებითი მუხტით ფორმირების გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და პოეტისგან მიეღოთ საგულისხმო პასუხები.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების განათლების, მათი სამოქალაქო თვითშეგნების და წარმატებული მომავლის საკითხებზე. ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრების მიზანია რეგიონის ახალგაზრდობას ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის პროგრესული მომავლის შესახებ და ჰქონდეს წვდომა ამ პროცესებიდან გამომდინარე სიკეთეებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის N15 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეების მშობლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პოეტის მეუღლე მარინა ხარხელაური და სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ცენტრი აჭარის რეგიონში რეგულარულად მართავს შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის ცნობიერების გაზრდის მიმართულებით და რეგიონში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ინსტიტუციასთან პარტნიორობით აფართოებს საკომუნიკაციო წრეებს.