ბოლნისის კულტურის ცენტრში ახალგაზრდებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 2, 2022

02.09.22 – ბოლნისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის კულტურის ცენტრში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვებასა და ამ კუთხით ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლს.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ფარულავა, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა კოლექტიური თავდაცვის პრინციპსა და ორგანიზაციის როლზე მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.