ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივლისი 11, 2023
11.07.23 – დაბა კაზრეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის ახალგაზრდულ ცენტრში, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა ევროკავშირისა და ნატო-ს შექმნის, გაფართოებისა და გაწევრიანების ეტაპების შესახებ ისაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ნატოსთან პარტნიორობაზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განხილვას დაეთმო. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, სოფლის მეურნეობისა თუ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე ორიენტირებულ პროგრამებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.