ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
სექტემბერი 23, 2021
23.09.21 – სოფელი ტაბაწყური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის სომხურენოვან საჯარო სკოლაში უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირებისა და ამ მიმართულებით მათი სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.