ბორჯომის მუნიციპალიტეტში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მარტი 26, 2024
26.03.24 – ბორჯომი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან და „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პედაგოგებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრის დირექტორმა ნატო გუბელაძემ მონაწილეებს პროექტი „ბორჯომელი ახალგაზრდები ევროინტეგრაციისთვის“ გააცნო, ხოლო ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა იზოლდა ლომიძემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში პედაგოგებისა და ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მოწვეულმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა და ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკა ქარდავამ, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილა. საუბარი, ასევე შეეხო კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, ევროკავშირის არსს, წესრიგსა და გამოცდილებას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.