ბორჯომში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიმართა

მარტი 22, 2024

22.03.24 – ბორჯომი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების (დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის) და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით ბორჯომში, კამპანია „მოძრავი საელჩო“ გაიმართა.

საინფორმაციო სივრცეში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თემატურ ლიტერატურას, საიმიჯო მასალებს, თანამედროვე ტექნოლოგიების (ოკულუსი) საშუალებით ვირტუალურად ემოგზაურათ ნატოს წევრ ქვეყნებში და ჩართულიყვნენ ვიქტორინაში, რომელიც ნატოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ცოდნის ამაღლებას ისახავდა მიზნად. ვიქტორინაში მონაწილე სწორი პასუხის ავტორებს სამახსოვრო საჩუქარი და სიმბოლური პრიზი გადაეცათ. სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელისგან მიეღოთ ინფორმაცია ნატოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ცენტრის მიერ წარმოდგენილ სტენდს რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ ეწვია.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოები, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ.