ბსუ-ს სტუდენტებთან ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

თებერვალი 25, 2024

25.02.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობით საბჭოთა ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებას შეუერთდა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი სიახლეები და პროექტები გააცნო და ევროინტეგრაციის პროცესის პოპულარიზების მიზნით რეგიონში მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო ახალ შესაძლებლობებს, კერძოდ, სტაჟირების პროგრამასა და მასში რეგიონის ახალგაზრდობის აქტიურ ჩართულობას.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე “ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები”, საუბარი შეეხო ევროკავშირთან დაახლოების მიზნით დაგეგმილ შემდგომ პროცედურებს, ყურადღება გამახვილდა აგრეთვე, დეზინფორმაციის საფრთხეებსა და ამ კუთხით საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე.