ბსუ-ში სტუდენტთა ინტელექტუალური ტურნირი “რა, სად, როდის?” ჩატარდა
მაისი 7, 2023
07.05.23 – ბათუმი
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ინტელექტუალური ტურნირი “რა, სად, როდის?” მოაწყო.
ტურნირში, რომელიც ევროკავშირის თემატიკას ეხებოდა, ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 33 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდებს ტურნირის ორგაზატორებმა – ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ინტელექტუალური ვიქტორინის წამყვანმა, ბსუ-ს პროფესორმა გიორგი მასალკინმა საინფორმაციო ცენტრთან აქტიური თანამშრომლობის აღსანიშნავად აჭარის რეგიონულ წარმომადგენელს სპეციალური სიგელი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს“. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.