ცაგერის მუნიციპალიტეტების კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 23, 2022
23.09.22 – ცაგერი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მოწვეულმა ექსპერტმა, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, ჰიბრიდული ომის თანამედროვე ტენდენციებზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ დეზინფორმაციულ ნარატივებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების როლს პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში.
შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, კულტურის ცენტრის, მუზეუმის, ბიბლიოთეკის და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.