ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 4, 2023

04.04.23 – ცაგერი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე და საჯარო მოხელეების პროაქტიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, საჯარო მოხელეებს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო. ისაუბრა ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ნატო-ს როლზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში და დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ნატო-ს მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიღწევებზე გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხებში.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.