ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ლუხვანოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 14, 2022

14.07.22 – სოფელი ქვედა ლუხვანო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ლუხვანოს ადმინისტრაციულ ცენტრში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. საუბარი შეეხო ევროკავშირთან გაფორმებულ ,,ასოცირების ხელშეკრულებას“, ღრმა და ყოვლის მომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა და მიღებულ ხელშესახებ შედეგებს. ასევე, ხაზი გაესვა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობას.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.