ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 12, 2022

12.07.22 – სოფელი წიფერჩი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩის ადმინისტრაციულ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობას, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შედეგად მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებს.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.