ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 27, 2022

27.04.22 – სოფელი ზუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებს, ასევე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, ასევე, საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს სტაჟიორმა კოჩა ჩანგელიამ, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS+ და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.