ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 30, 2022

30.03.22 – სოფელი ამაღლება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონის სახელმწიფოებში უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებზე, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო განცხადის წარდგენიდან სრულფასოვანი წევრობის მოპოვებამდე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე. მომხსენებელმა, ასევე, დეტალურად მიმოიხილა ნეიტრალიტეტის სტატუსის არსი, კონტექსტი და მისგან მომდინარე საფრთხეები და გამოწვევები.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.